• English
  • ქართული

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის რეგულარული მისიის ფარგლებში უმაღლესი განათლების საკითხები განიხილეს

I2Q პროექტის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა 10 სექტემბერს შეხვედრა გამართეს პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ნინო ბეგიაშვილთან.

ნინო ბეგიაშვილმა წარმოდგენილი პრეზენტაციისას ისაუბრა კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებსა და  შედეგებზე. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის განვითარებისათვის სამუშაო ბოლო ეტაპზეა და მიმდინარე აქტივობები უახლოეს პერიოდში დასრულდება. დაფინანსების ახალი მოდელის სრულმასშტაბიანი დანერგვა 2024 წლისთვის იგეგმება.

კომპონენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ეფექტიანობის შესაფასებლად პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის შექმნას. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოსთვის ტექნიკური დავალების სამუშაო ვერსია იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება ინოვაციების ფონდს (CIF), რომელიც საგრანტო პროგრამის სახით  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების დასაფინანსებლად შეიქმნება, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. კერძოდ, მზადდება ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ინოვაციების ფონდი ოპერირებას 2022 წლიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყებს, ხოლო ფონდის ძირითადი რესურსის ათვისება 2023-2024 წლებში განხორციელდება. ფონდი ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ნინო ბეგიაშვილმა ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე. ამ მიმართულებით დაგეგმილია საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შექმნა განთლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის სფეროში, მეწარმეობისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლებისათვის.

 

გალერეა