• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სკოლებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

კოვიდპანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატზე გადასვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ონლაინ სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობით სკოლების უზრუნველყოფაზე. სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში, საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერული ტექნიკა – 6350 პორტატული პერსონალური კომპიუტერი და 898 პროექტორი შეიძინა. მოსწავლეებისთვის უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 3 572 780 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული აღჭურვილობა 433 სკოლას გადაეცა.

ტექნიკა განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ ის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში. ასევე, შეუფერხებლად აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი.

კომპიუტერული ტექნიკით სკოლების აღჭურვისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა ქვეყნის ყველა რეგიონი. ტექნიკის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭა იმ სკოლებს, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა. შერჩევაში გათვალისწინებული იყო სკოლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ოპტიკური ინტერნეტკავშირითა და დამონტაჟებული Wi-Fi ინფრასტრუქტურით.

ასევე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 121 სკოლაში მოეწყობა Wi-Fi ინფრასტრუქტურა.