ინოვაციების ფონდის (CIF) შექმნაზე მუშაობა გრძელდება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, I2Q პროექტის ფარგლებში, ინოვაციების ფონდის (CIF) შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სასწავლო მეთოდოლოგიის თუ ონლაინ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკრეტული პროგრამებისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენას, ინოვაციებზე ორიენტირებულობას, შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას, STEM-ის პროგრამებში გენდერული ბალანსის გაძლიერებას სტუდენტი გოგონების რაოდენობის გაზრდით და ა.შ.
ფონდის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტაციის შექმნის მიზნით, საერთაშორისო ტენდერის გზით, შეირჩნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ექსპერტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავეს დოკუმენტების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს ფონდის სტრუქტურას, მუშაობის წესებს, კომისიის წევრების უფლებამოსილებას, პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს, განაცხადების მიღების და მათი შეფასების წესებსა და ვადებს და ა.შ.
ამ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დოკუმენტაციის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობს.
ინოვაციების ფონდის საქმიანობა განხორციელდება 2022-2024 წლებში. გაიცემა 40 გრანტი. დაფინანსებას მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს.