ზოგადი განათლების ტენდენციების შესწავლასა და შეფასებაზე მუშაობა მიმდინარეობს
საქართველოს ზოგადი განათლების ტენდენციების შესწავლასა და შეფასებაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მათემატიკა“ მუშაობს. კომპანია I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩა. დავალების მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დიაგნოსტიკა და ყოვლისმომცველი შეფასება არსებული მდგომარეობის გაანალიზებისა და რეფორმების ზეგავლენის დასადგენად, ასევე, სისტემის განვითარების დინამიკისა და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება. საკონსულტაციო კომპანიამ გეგმის მიხედვით წარმოადგინა პროგრესის ანგარიში, რომელშიც კვლევის პირველადი მიგნებები და დასკვნებია მოცემული.
პროგრესის ანგარიშის პრეზენტაციის მიზნით, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ლია გიგაურმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მენეჯმენტთან 7 თებერვალს სამუშაო შეხვედრა გამართა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე „მათემატიკას“ ექსპერტები მიიღებენ რეკომენდაციებს ანგარიშის სრულყოფის მიზნით, ასევე, თუ რა მიმართულებით უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები კონტრაქტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.