შერჩეულ 150 სკოლაში სასკოლო მზაობის პროგრამები დაინერგება
I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეფექტიანად ინტეგრირების კონცეფცია მუშავდება. კონცეფციის პოლოტირება დაგეგმილია წინასწარ შერჩეულ 150 სკოლაში, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, ხოლო I2Q პროექტის ფარგლებში განხორციელდება უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები. კერძოდ, დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამა. ახალი პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით გადამზადდებიან პედაგოგები, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფები აღიჭურვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით.
სკოლების შესარჩევად, I2Q პროექტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით წინასწარ ჩატარდა სასკოლო მზაობის საჭიროების კვლევა. პრიორიტეტი მიენიჭა ადგილებს, სადაც არ არის საბავშვო ბაღები, არსებული ბაღები გადატვირთულია, ან დაშორებულია საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან დასახლებებს და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.