ადრეული განათლების ექსპერტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს. სამუშაოები მიმართულია ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის დანერგვის, ანგარიშგების სისტემის შექმნის, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების, არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვისა და გაუმჯობესებული სახით დანერგვისკენ. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმით გათვალისწინებული სიახლეები საპილოტე რეჟიმში ეტაპობრივად დაინერგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ ექვს მუნიციპალიტეტში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია მათ შორის.
18 ოქტომბერს, I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრები გაიმართა მერთან, მელქონ მაკარიანთან, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან, ანაიდა ასატურიანთან, ასევე, ახალქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, ოლიკო მელიქიძესთან და მუნიციპალიტეტის ბაღის აღმზრდელებთან.
I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სისტემისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.
ასევე, ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი კონტექსტის გაცნობას, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლას.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა მოინახულეს ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღი, გაეცნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაესაუბრნენ პერსონალს.
როგორც ახალქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები თანხვედრაშია მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებთან, როგორებიცაა საგანმანათლებლო პერსონალის კომპეტენციების ამაღლებაზე ზრუნვა, თანამედროვე მეთოდოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა, კურიკულუმების ბავშვების საჭიროებებზე მორგება და თამაშზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მხარდასაჭერად.