საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. მორიგი შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა მიმოიხილეს ავტორიზაციის მიმდინარე პროცესი, განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები, ასევე მომავალი წლის საავტორიზაციო სკოლების შერჩევის კრიტერიუმები და წინასწარი სიები.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში ავტორიზაციის პროცესის პილოტირება და პროცესში ჩართული ყველა ძირითადი მხარის შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა. მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით ასევე ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სიმულაციური საბჭოს სხდომა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი გასული წლიდან ფუნქციონირებს. საკოორდინაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მანდატურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მასწავლებლის სახლის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.