მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს
I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მთლიანი სკოლის გაძლიერებასთან ერთად საკონსულტაციო კომპანია IBF International მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების სისტემის დახვეწა-განვითარების მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას. განმავითარებელი შეფასების სისტემის, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის გადახედვის, მისი დახვეწა-განახლების მიმართულებით ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები. შეთავაზებული მიდგომებისა და მექანიზმების პილოტირება წინასწარ შერჩეულ 12 სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლიდან დაიწყო.
უწყვეტი განმავითარებელი შეფასების განახლებული ინსტრუმენტების პილოტირებაში ჩართული მასწავლებლებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, 22-23 მარტს გაიმართა შეხვედრები, რომლებსაც IBF International-ის შეფასების ექსპერტი, ნორმან ემერსონი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მონაწილე მასწავლებლებმა, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების დაცვით, მათი მიდგომებისა და მექანიზნების გამოყენებით, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ, შეხვედრაზე პრაქტიკაზე დაფუძნებული უკუკავშირები წარმოადგინეს.
მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მოსწავლის უწყვეტი განმავითარებელი შეფასების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის შესანარჩუნებლად და ის ყოველდღიური სწავლების პროცესის ნაწილი იყოს. შეხვედრაზე გამოთქმული უკუკავშირის მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეთავაზებული განმავითარებელი შეფასების მექანიზმები და ინსტრუმენტები არის ძალიან პრაქტიკული.
წარმოდგენილი მიდგომების მიხედვით განმავითარებელი შეფასება უნდა გახდეს მაქსიმალურად მარტივი პროცესი და იქცეს მასწავლებელის ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად.
IBF International-ის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების მოდელი ითვალისწინებს კომპლექსური დავალების ინსტრუმენტს და დამატებით სთავაზობს სკოლებს შეფასების კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც კარგად აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის რომელიმე ქვეყნის მოდელის საქართველოში ავტომატურად გადმოღების მცდელობა. სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს პილოტირების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შეფასების მექანიზმების დადებითი და უარყოფითი მხარეები – რა მუშაობს საქართველოში კარგად და რისი მოდიფიცირება იქნება საჭირო.
საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია განმავითარებელი პროცესის გაციფრულება, რაც გულისხმობს პროცესის გასამარტივებლად ტექნოლოგიების გამოყენებას. ექსპერტების რეკომენდაციით პილოტირებაში ჩართულ სკოლებთან გაზიარდა მუდლის (Moodle) ელექტრონული სასწავლო პლატფორმის გამოყენება მასწავლებელთა შორის თანამშრომლობისთვის, პრაქტიკების გასაზიარებლად და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის. პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია განმავითარებელი შეფასების თემაზე. ასევე, ინდივიდუალური პროფილისა და პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობა იქნება ყველა მასწავლებლისთვის.
პილოტირების ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს, ხოლო მომდევნო სასწავლო წლიდან, ეს მასწავლებლები გამოცილებას გაუზიარებენ კიდევ 38 საპილოტე სკოლის მასწავლებლებს.