• English
  • ქართული

სიახლეები

მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების პილოტირების წარმატებით განხორციელების მიზნით მორიგი სემინარი ჩატარდა

I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მთლიანი სკოლის გაძლიერებასთან ერთად საკონსულტაციო კომპანია IBF International მოსწავლეთა ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების სისტემის დახვეწა-განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. დარგის შოტლანდიელი ექსპერტის, ნორმან ემერსონის ხელმძღვანელობით განმავითარებელი შეფასების განახლებული მეთოდოლოგია და პრაქტიკა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წინასწარ შერჩეულ 15 საპილოტე სკოლაში წარმატებით ინერგება.

პროცესში ჩართული პედაგოგებისგან მორიგი უკუკავშირის მიღების მიზნით 7-8 ივნისს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მონაწილეებმა მცირე ჯგუფური პრეზენტაციებით წარმოადგინეს მიღწეული პროგრესი და პრაქტიკაზე დაფუძნებული უკუკავშირები. აღსანიშნავია, რომ პილოტირებაში ჩართული სკოლების პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს ახლომდებარე სკოლებიდან, რაც ემსახურება სკოლებს შორის  გაზიარების ქსელის შექმნას და მის გაფართოებას.

ვორქშოფის მონაწილე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ექსპერტის მიერ შეთავაზებული განმავითარებელი შეფასების მექანიზმი და ინსტრუმენტები არის ძალიან პრაქტიკული. ექსპერტის მიერ წარმოდგენილი მოსწავლეთა ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების მოდელი ითვალისწინებს კომპლექსური დავალების ინსტრუმენტს და სთავაზობს სკოლებს განმავითარებელი შეფასების დამატებით ოთხ კონკრეტულ ინსტრუმეტს, როგორებიცაა წარმატების კრიტერიუმები, ეფექტიანი გამოკითხვა და ა.შ.

განმავითარებელი შეფასების პროცესის გაციფრულების მიზნით საერთაშორისო ექსპერტის მიერ შეთავაზებულია მუდლის (Moodle) ელექტრონული სასწავლო პლატფორმა. მან პედაგოგებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია სასწავლო პლატფორმის გამოყენების თაობაზე. პლატფორმა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მასწავლებლებს შორის თანამშრომლობისთვის, პრაქტიკების გასაზიარებლად და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის. პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების თემაზე, მათ შორის, ელექტრონული ტრენინგ-მოდული. ასევე, ინდივიდუალური პროფილისა და პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობა იქნება ყველა მასწავლებლისთვის.

შეხვედრაზე მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაც მიმოიხილეს.

გალერეა