• English
  • ქართული

სიახლეები

პროექტის ReINNOVA ფარგლებში საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

„კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერებას, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალ ჩართულობას და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობას. ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა.

ივლისის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ReINNOVA ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციის ფონდის წარმომადგენლები.

იხილეთ ვრცლად

გალერეა