• English
  • ქართული

სიახლეები

2024 წლის ბოლომდე STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა 200 სკოლაში განხორციელდება

I2Q პროექტი ითვალისწინებს სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნას, რისი მიზანიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა და მოქმედებს საქართველოს მასშტაბით 80 სკოლაში. 2024-2025 სასწავლო წლიდან აქტივობებში დამატებით 120 სკოლა ჩაერთვება (სულ 200 სკოლა).

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განსახორციელებლად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში, 120-ვე საპილოტე სკოლა აღიჭურვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებითა და ტექნიკით, ხოლო 10 სკოლაში დამატებით მოეწყობა განსაკუთრებული სამუშაო სივრცე. ამ 10 სკოლას გადაეცემა სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრები – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და  კომპიუტერული ტექნიკა. სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ: სკოლებმა უნდა უზრუნველყონ I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა და სხვა საპილოტე სკოლებს გაუზიარონ აქტივობები, დაინტერესებული სკოლები ჩართონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებში. განსაკუთრებული სამუშაო სივრცეები აღიჭურვება ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც უზრუნველყოფს სხვა სკოლებთან ონლაინ რეჟიმში ჩართვას და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებისა და აქტივობების განხორციელებას. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის მსგავსი სივრცეები წარმატებით მუშაობს თბილისის 126-ე და  ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლებში. ამ სკოლების მოსწავლეები ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, წარმოადგენენ არდუინოს, განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის კუთხეებს და სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას.

STEAM მიმართულების პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია მათი მომზადება. მიმდინარე წლის ნოემბერში 120-ვე სკოლის 240-ზე მეტი პედაგოგი გაივლის საორინტაციო სამუშაო შეხვედრებს რესურსების მოხმარებისა და საკლასო სივრცეში დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრებს საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ნოვაკი გაუძღვება. 2024 წლის ბოლოსთვის კი 120-ვე სკოლაში დაიწყება STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების პილოტირება და პროცესში მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.