„განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ – CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
„განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითის ერთობლივი პროექტია, რომელმაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება.
პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი, ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით. ამისთვის ილიაუნისა და ბაუს კონსორციუმმა ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზრის საჭიროებების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია წამოდგენილი იყო 20 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამუშაო შეხვედრაზე – „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს, რასაც მოჰყვა დისკუსია კადრების საჭიროებების, პრიორიტეტული კომპეტენციების, დასაქმების პერსპექტივებისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის წარმომადგენლები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები/კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირები.
საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლებისა და სტუდენტების წარმატებული კოლაბორაციისთვის პროექტი „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ – ავითარებს კომპლექსურ მიდგომას. ამავე პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითის კონსორციუმი, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებზე აგებულ ტრენინგკურსებს მოამზადებს. იგეგემება მოკლევადიანი სასწავლო კურსების შემუშავებაც.