• English
  • ქართული

სიახლეები

სასკოლო მზაობის ჯგუფები ლანჩხუთის, ორულუსა და რიყეს საჯარო სკოლებში ამოქმედდა

სასკოლო მზაობის ჯგუფები ლანჩხუთის, ორულუსა და რიყეს საჯარო სკოლებში ამოქმედდა. თითოეული ჯგუფი 15 ბავშვის მიღებას ითვალისწინებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფები განკუთვნილია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად  სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს.

სასკოლო მზაობის ჯგუფების გახსნა ემსახურება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ მიზნით საქართველოს მასშტაბით შეირჩა დასახლებები, სადაც არ იყო საბავშვო ბაღები, არსებული ბაღები კი გადატვირთული, ან დაშორებული იყო საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.

განახლდა არსებული სასკოლო მზაობის პროგრამა, გადამზადდა სამიზნე შერჩეული შესაბამისი საგანმანათლებლო პერსონალი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, სასკოლო მზაობის პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში სრულად განახლდა შესაბამისი სივრცის ინფრასტრუქტურა, I2Q პროექტის ფარგლებში კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, აღიჭურვა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით. სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 150 სკოლის ბაზაზე განხორციელდება.

I2Q პროექტის ფარგლებში სამუშაოები ხორციელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტული დამხარებით.

გალერეა