მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში
პროექტის განმახორციელებელი: სსიპ – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
პროექტი: მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში (ITMS BSMA (მსსდ ბსსა))
განხორციელების ვადა: 08/2023 – 01/2025
პროექტის საერთო ღირებულება: 302,285.55 ლარი
გრანტი: 283,540.55 ლარი
მოკლე აღწერა
პროექტის ძირითადი მიზანია მექატრონული სისტემების (ელექტრონული და მექანიკური/ჰიდრავლიკური/პნევმატური სისტემების ერთობლიობა) სწავლების დანერგვა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე და საზღვაო დარგში უმაღლესი განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. შედეგად, სტუდენტს უნდა გამოუმუშავდეს მექატრონული სისტემების მომსახურების, რემონტის დროს აუცილებელი რესურსებისა და საჭირო მეთოდების შერჩევის და ოპტიმალური სამუშაო გეგმით მოქმედების უნარები, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით სტუდენტთა უნარების გაღრმავებასა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.
ძირითადი აქტივობები
პროექტს ბსსა-ის გუნდი წარმატებით ახორციელებს: ძირითადი მიზნის მისაღწევად შეძენილ იქნა სასწავლო ლაბორატორიული სტენდები, მოეწყო მექატრონიკის ლაბორატორია და თურქი პარტნიორების დახმარებით, გადამზადდა აკადემიური პერსონალი. ბსსა-ში ტრენინგების სერია მიმდინარეობს, რომელიც ზემოხსენებული სტენდების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში გამოყენების პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. აკადემიური პერსონალის გარდა, ტრენინგები განკუთვნილია საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ბსსა-მ შეიმუშავა სალექციო კურსი „მექატრონიკის საფუძვლები“, რომელიც ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებში არჩევით მოდულად დაინერგება. მუშაობა გრძელდება, ასევე, „მექატრონული სისტემების მართვის“ სალექციო კურსზე, რომელიც სამაგისტრო პროგრამებისთვის იქნება განკუთვნილი.
აღსანიშნავია, ასევე, რომ პროექტის ფარგლებში აკრედიტაციისათვის შემუშავდა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინება პროფესიული სასწავლო პროგრამა „ელექტროობა“ (საბაზო და საშუალო დონეები).
პროექტის შედეგების გავრცელების მიზნით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და მექატრონული სისტემების დანერგვის შესახებ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება.
მდგრადობა
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აქვს კარგი გამოცდილება მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზით სწავლის მსურველთა რაოდენობის გაზრდის. პროექტის ფარგლებში ახალი სასწავლო სტენდების შესყიდვით, შესაძლებელი იქნება ტექნიკური ბაზის სრულყოფა და სტუდენტების ავტომატური მართვის სისტემების ექსპლუატაცია/მომსახურების უნარების გაუმჯობესება.
შექმნილი ლაბორატორიის ბაზის შემდგომი სრულყოფა უნდა მოხდეს რობოტიზებული სამრეწველო ხაზების მომსახურება/სრულყოფის უნარების გაუმჯობესებისათვის საჭირო ლაბორატორიული სტენდების შეძენით. არსებულ და განახლებულ ბაზასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა, რომელიც დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიული უნარების მქონე (მექატრონიკის ინჟინერ ტექნიკოსის) კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს. ასევე, დაიგეგმება V დონის ელექტროობის პროფესიული პროგრამის განხორციელება, რომელიც კურსდამთავრებულს აძლევს უმაღლესი პროფესიულ კვალიფიკაციას მექატრონიკაში.