• ქართული
  • English

სიახლეები

კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში

პროექტის განმახორციელებელი: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პროექტი: კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში (ReINNOVA)

განხორციელების ვადა: 08/2023 – 12/2024

პროექტის საერთო ღირებულება: 281,242.5 ლარი

გრანტი: 267,742.5 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიებს/ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირების და მხარდაჭერისთვის შეიქმნა. მისი ძირითადი მიზანია, საინჟინრო განათლების ინსტიტუციასა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება; განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტი “ReINNOVA” წარმატებითა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დასაწყისისთვის, პროექტის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, მოეწყო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სამუშაო სივრცე ე.წ. Think Lab, რომელიც ესაჭიროება პროექტის მიზნებს და გრძელვადიან პერიოდში მოემსახურება სტუდენტებსა და ზოგადად სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. აღნიშნული სამუშაო სივრცისთვის შეძენილია შესაბამისი ტექნიკა და ინვენტარი.

პროექტის ფარგლებში სტუ-ს მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ინდუსტრიის იმ ბიზნეს ორგანიზაციებთან (Heidelbergcement Georgia, შპს გლობალ პროჯექთ, ავტო-ბანი 2000, სს “გრინვეი საქართველო”, თეგეტა ჰოლდინგი და სხვა), რომელთა საქმიანობა შეესაბამება საპილოტე პროგრამების საკვალიფიკაციო მიზნებს. ასევე, ინდუსტრიების საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა სეგმენტირებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები.

შემუშავდა და 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრიდან დაინერგა მოდიფიცირებული სასწავლო მოდული „საწარმოო პრაქტიკა” სტუ-ს ორ ფაკულტეტზე (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტისა და სამშენებლო ფაკულტეტის ჯამში 6 საგანმანათლებლო პროგრამა), დაიწყო „სტუ-ს ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის – “ReInnova”-ს პილოტირება, რომელსაც უძღვებიან სტუ-ს პარტნიორ კილის უნივერსიტეტში ტრენერთა-ტრენინგის პროგრამით (ToT) გადამზადებული ე.წ. „ინოვაციების მრჩევლები“.

პროექტის ძირითად ბენეფიციარებთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა პროგრამის მიზნების საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად. ჩატარდა პროექტის შედეგების უკუკავშირის ანალიზი და შედეგების პრეზენტაცია, ასევე, მოეწყო კონფერენცია „ბიზნესთან თანამშრომლობა“, რომლის მიზანია ბიზნეს კომპანიები და პოტენციური პარტნიორები, გაეცნონ სტუ-ის ინიციატივებსა და გააზიარონ თავიანთი მოსაზრებები თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროექტის ეგიდით დანერგილი პროგრამის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის, შეიქმნება ბიზნესთან თანამშრომლობის საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა „ReInnova.gtu.ge”, როგორც ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც დააკავშირებს სტუ-ს კონკრეტულ ბიზნეს სექტორს, მასში უკვე დასაქმებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რაც დამატებით კარიერული განვითარების და სწავლების შემდგომ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. პროექტის საბოლოო შედეგები მისი დასრულების შემდგომ იქნება ცნობილი.

 

მდგრადობა

სტუ-ში სწავლა-სწავლების პრაქტიკაში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაცია, ინოვაციების მუდმივი წარმოჩენა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებია. ამ პროექტით შემოთავაზებული ინოვაციური იდეებით კი, ცალსახად შესაძლებელია სტუ-ს სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის შესაძლებლობების გაძლიერება. ამიტომ, პროექტი სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ასევე, ვინაიდან ეს პროექტი ტოპ მენეჯმენტის უშუალო ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდება, მდგრადი განვითარებისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვან ბაზისს ქმნის.