საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება
პროექტის განმახორციელებლები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი: საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება
განხორციელების ვადა: 08/2023 – 08/2024
პროექტის საერთო ღირებულება: 313,950.00 ლარი
გრანტი: 301,950.00 ლარი
მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე საჯარო მმართველობის სამართლის სასწავლო პროგრამის შექმნის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული და გარკვეული სამუშაო გამოცდილების მქონე პირების თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, მათი სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად.
პროგრამის კონცეფციის შემუშავება ეყრდნობა საქართველოს საჯარო სამსახურში და ზოგადად, საჯარო სექტორში არსებული პრაქტიკული საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლას და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილების გაზიარებას. პროგრამის კონცეფცია აგრეთვე მაქსიმალურად ადაპტირებულია საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმის კონცეფციასთან და სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, რისთვისაც განხორციელდა აქტიური თანამშრომლობა რეფორმის განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია ეფუძნება თეორიული და პრაქტიკულ კურსების კომბინაციას. ამასთან, პროგრამას ექნება ინტერდისციპლინური შინაარსი, რომელიც ეროვნულ საჯარო სამართალთან ერთად მოიცავს ისეთ დისციპლინებს როგორიცაა: საერთაშორისო საჯარო შესყიდვების სამართალი, საჯარო პოლიტიკა, ლიდერობა, პროექტის მართვა და ა.შ. პრაქტიკული კურსები მოიცავს როგორც იმიტირებულ ნაწილს, ისე სამუშაო ადგილზე განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის სწავლების პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობას.
სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია ეფუძნება სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის ამოცანებსაც, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მაგისტრანტის პრაქტიკული საქმიანობის ჩართვას „მენტორინგის“ ინსტრუმენტის შემოტანით, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და გამოცდილების მყისიერ ტრანსფერს პრაქტიკაში. ამასთან, სწავლის პროცესში სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად სტუდენტის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, პროგრამის კონცეფციის ფარგლებში აქტიურადაა განხილული ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენება, მათ შორის, კონკრეტულ სასწავლო კურსების სრულად ან ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობა.
ძირითადი აქტივობები
პროექტის მიზნებისთვის განისაზღვრა სამიზნე ჯგუფების ამომწურავი ნუსხა. პროცესში ჩართულნი იყვნენ საჯარო სამსახურის კონკრეტული სტრუქტურები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება მონაწილეობდნენ საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის განხორციელების პროცესში. გამოკითხვის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დეტალურად განისაზღვრა საჭირო ინფორმაციის მოცულობა. სამიზნე ჯგუფებთან და უცხოელ ექსპერტთან ჩატარდა ინტერვიუირება, სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით.
განხორციელდა საჯარო სამსახურის სისტემაში იურიდიული პროფესიების თავისებურებების შესწავლა. კვლევა განხორციელდა საჯარო მმართველობის ძირითადი პროფესიული სფეროების (პროფესიათა ოჯახების) თავისებურებების გამოვლენის მიზნით, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების სისტემაში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ფარგლებში. სამიზნე ჯგუფების სისტემატიზაცია განხორციელდა მოხელის თანამდებობათა არსებული რანგირების სისტემის საფუძველზე.
განხორციელდა საქართველოში არსებული საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამების შინაარსობრივი კვლევა, რომლის ობიექტს წარმოადგენდა პროგრამების შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია. შესწავლილ იქნა ქართულ რეალობაში შეთავაზებული პროგრამის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები და მექანიზმები. ინტერვიუირება განხორციელდა საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოტენციურ აკადემიურ პერსონალთან, საჯარო სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.
განხორციელდა სამაგისტრო პროგრამის შექმნისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზისა და საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემის ანალიზი.
საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის უცხოური გამოცდილების შესწავლის მიზნით, უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა უცხოური გამოცდილების ანალიზის დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული აქტივობების გათვალისწინებით, შეიქმნა საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის პროექტი, რომელშიც ჩამოყალიბდა ძირითადი მიგნებები. პროექტის მიგნებები გახდა საჯარო განხილვის საგანი. გაიმართა ,,მრგვალი მაგიდა’’, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით, სადაც მოხდა აღნიშნული დოკუმენტის განხილვა. ,,მრგვალი მაგიდის’’ ფორმატში შეთანხმებული და გაზიარებული მოსაზრებების გათვალისწინებით, შეიქმნა საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის დოკუმენტი.
მდგრადობა
პროგრამის მდგრადობას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო დაფინანსება და სამაგისტრო პროგრამის შემოსავლები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სწავლის საფასურის სახით, რომელიც დაეფუძნება კონცეფციის ფარგლებში შემუშავებულ გადახდის მოქნილ სქემას.
პროექტის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემასთან და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით პროექტის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა პროექტის გუნდის მხრიდან, რომლებიც არიან უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
პროექტის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მის დანერგვას არა მარტო დედაქალაქში არამედ სხვა რეგიონებშიც. პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებულები გახდებიან პროგრამის აგენტები, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში შედგა შეთანხნება საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დუალური სწავლების მოდელის დანერგვის მიზნით საპილოტე პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.