• English
  • ქართული

მეორე საგრანტო კონკურსი

STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, შპს “სთიმითი”.

პროექტი: STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის (STEM-UPD)

განხორციელების ვადები: 06/2024-09/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 475 679.4 ლარი

გრანტი:  457 236.4 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია STEM მიმართულების გაძლიერება და კურიკულუმში ინოვაციური მიდგომების განვითარება განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტსა (თესაუ) და პედაგოგიკის ფაკულტეტზე (აწსუ), მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის. პროექტი ინოვაციურია და უნიკალური, რადგან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ არსებობს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქმედ და მომავალ მასწავლებლებში STEM ცნობიერების ამაღლებას. სიახლეა ისიც, რომ კახეთისა და იმერეთის სკოლებში დაინერგება STEM სწავლება, რაც ხელს შეუწყობს STEM საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებში სტუდენტთა ჩაშენებულ პრაქტიკას სკოლებში. STEM კლუბების ქსელს კი კოორდინირებას გაუწევს უნივერსიტეტების ბაზაზე ჩამოყალიბებული ლაბორატორიები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, STEM რესურსებისა და სასწავლო სცენარების მომზადებასა და დანერგვის მეთოდოლოგიაში მხარდაჭერას გასწევს „სთიმითი“, ხოლო აკადემიურ გადამზადებასა და STEM კლუბების ქსელის ჩამოყალიბებაში კონსულტანტი იქნება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი).

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპები უკავშირდება STEM  მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით მასალების მომზადებასა და პერსონალის გადამზადებას. ამ მიზნით უკვე შედგა პირველი ვიზიტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, სადაც გუნდი ადგილზე გაეცნო პოლონეთის გამოცდილებას STEM მიმართულებით: ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და ინტერაქტიული რესურსების შექმნის მეთოდოლოგიას, STEM პროექტების დანერგვის მეთოდოლოგიურ მიდგომებს ფორმალურ განათლებაში, STEM კლუბების მუშაობის პრინციპებს. პროექტის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები უკავშირდება თესაუსა და აწსუს ლაბორატორიების აღჭურვას ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ინჟინერია-რობოტიკის საბაზისო რესურსით, რომელიც, ასევე, გამოყენებულ იქნება ბუნებისმეტყველების სწავლებისას და დაეხმარება მოქმედ და მომავალ მასწავლებელთა გადამზადების პროცესს. აგრეთვე, STEM ლაბორატორიები შესაბამისი რესურსებით აღიჭურვება საპილოტე სკოლებში. ამავდროულად, ლაბორატორიების მართვის მიზნით გადამზადდებიან როგორც უნივერსიტეტების ტრენერები, ასევე, შერჩეული სკოლების მასწავლებლები. პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია  STEM საუნივერსიტეტო კურსების მომზადებაც და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სილაბუსებში STEM მიდგომის ჩაშენება. აგრეთვე, შემუშავდება STEM მეთოდოლოგიური გზამკვლევი და სატრენინგო მოდულები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სტატიების დაბეჭდვა რეიტინგულ ჟურნალებში და კონფერენციის ჩატარება. შეიქმნება პროექტის ვებგვერდიც, სადაც განთავსდება ყველა ინფორმაცია.

 

მდგრადობა

აღსანიშნავია, რომ მომზადებული სასწავლო კურსები კურიკულუმის რეაკრედიტაციისას პროგრამის ნაწილი გახდება. ასევე, პროექტის დასრულების შემდეგ, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს შექმნილი STEM ლაბორატორიების ქსელი.