მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
პროექტის განმახორციელებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
პროექტი: მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
განხორციელების ვადა: 07/2024 – 12/2025
პროექტის საერთო ღირებულება: 551,775.00 ლარი
გრანტი: 533,775.00 ლარი
მოკლე აღწერა
წარმოდგენილი პროექტის მიზანია მოლეკულური პათოლოგიის სწავლების განვითარება საქართველოს უმაღლეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სკოლებში საერთაშორისო სტანდარტებთან და ბოლონიის პროცესის სულისკვეთებასთან შესაბამისობისაში მოყვანისათვის.
აღნიშნული მიზნის მიღწევა მოხდება შემდეგი ამოცანების შესრულებით:
- მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნა და იმპლემენტაცია მედიცინის პირველი საფეხურის, რეზიდენტურის, ბიოლოგიის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის – მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სკოლებთან, ექსპერტებთან და მოლეკულური პათოლოგიის საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით;
- მოლეკულური პათოლოგიის კურსის სწავლების დანერგვისათვის მასწავლებლების (ტრენერების მომზადება) მომზადება (ToT) – როგორც კონსორციუმში მონაწილე, ისე სხვა ავტორიზებული უნივერსიტეტებისთვის;
- მოლეკულური პათოლოგიის თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის („ჰაბის“) და ბიოინფორმატიკის ცენტრის შექმნას მეცნიერთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო საქმიანობისათვის. მოლეკულური პათოლოგიის საინფორმაციო-რეფერალური ვებ-პლატფორმის შექმნა.
- კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტთა მონაწილეობით, მოლეკულური პათოლოგიის საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის მომზადება აკრედიტაციისთვის, უცხოელი კონსულტანტების ხელშეწყობით.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით იქმნება ახალი საგანმანათლებლო კურსები, გაუმჯობესდება მოლეკულური ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. შემუშავდება სწავლების ახალი მეთოდიკა, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოში მოლეკულური პათოლოგიის განვითარებას.
ძირითადი აქტივობები
პროექტის ფარგლებში ხორციელდება მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავება (სწავლების ყველა დონისთვის). ამასთან, დაგეგმილია კოლაბორატორ/ექსპერტთა ვიზიტი საქართველოში, პროექტის მონაწილეთა კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარების მიზნით. მოხდება მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო კურსის პედაგოგთა/ლექტორთა ტრენინგი. კურსის ხარისხობრივი შედეგის შეფასება განხორციელდება უსდ-ების ხარისხის სამსახურების მიერ, რის საფუძველზეც მოხდება მისი იმპლემენტაცია.
მოლეკულური პათოლოგიის საუნივერსიტეტთაშორისო ლაბორატორიის („ჰაბის“) შექმნის მიზნით, მოხდება ლაბორატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის/ აპარატურის და რეაქტივების შეძენა, ლაბორატორიის მოწყობა/გამართვა, ლაბორატორიის სამეცნიერო მუშაობის გეგმის და შესაბამის კვლევაში სტუდენტთა ჩართულობის მოდელის შემუშავება, ლაბორატორიის ჩართვა სასწავლო პროცესში.
საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის „მოლეკულური პათოლოგიის“ აკრედიტაციისათვის წარსადგენად მომზადებისთვის განხორციელდება იურიდიული ბაზებისა და ნორმატივების გაცნობა, საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის ხარისხის მინიჭების თავისებურებაზე შეთანხმება, კონსორციუმში შემავალი თითოეული უნივერსიტეტიდან სადოქტორო პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალის და ინფრასტრუქტურის იდენტიფიკაცია, პროგრამის დაწერა და მონაწილე უნივერსიტეტების ხარისხის სამსახურების მიერ მათი შემოწმება.
მდგრადობა
პროექტის მდგრადობა მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ მდგრადობას, ისე შინაარსობრივ – საგანმანათლებლო-სამეცნიერო მდგრადობასაც.
ინფრასტრუქტურულ მდგრადობას განაპირობებს აღჭურვილი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის კამპუსში შექმნილი საუნივერსიტეტთაშორისო კვლევითი ჰაბი (თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია), რომელიც უზრუნველყოფს მკვლევარებისა და კვლევითი გრანტების მოზიდვას, ასევე, მოლეკულური პათოლოგიის მიმართულებით კვლევების მდგრად ჩატარებას, მაღალი ზემოქმედების კვლევის შედეგებით.
შინაარსობრივ – საგანმანათლებლო-სამეცნიერო მდგრადობას განაპირობებს:
- ინტეგრაციული მოლეკულური პათოლოგიის სილაბუსის შეტანა „მედიცინის“ საგანმანათლებლო პროგრამების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კურიკულუმში – ჯერ არჩევითი, შემდგომ კი სავალდებულო კურსის სახით (აღნიშნული პროგრამების შემდგომი აკრედიტაციის დროს).
- აღნიშნული სასწავლო კურსის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის არსებობა (არამხოლოდ კონსორციუმში შემავალ უნივერსიტეტებში, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც), რომლებიც მომზადდება გრანტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების (ToT) გზით.
- საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო პროგრამის „,მოლეკულური პათოლოგიის“ მომზადება, რომელიც აკრედიტაციის შემდეგ პერმანენტულად გამოაცხადებს დოქტორანტთა მიღებას, რომლებიც იმუშავებენ ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით, მათ შორის, ზემოაღნიშნულ ლაბორატორიაში.