• English
  • ქართული

მეორე საგრანტო კონკურსი

ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში (IIATEP)

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით შპს ალტე უნივერსიტეტთან, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

პროექტი: ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში (IIATEP)

განხორციელების ვადა: 06/2024 – 12/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 535 584 ლარი

გრანტი: 518 684 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს თესაუ-ს აგრონომიის საბაკალავრო პროგრამისა და  “მევენახეობა და მეღვინეობის” საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, აგრეთვე, ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზებას.  კერძოდ, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თესაუ-ს სამაგისტრო პროგრამას “მევენახეობა და მეღვინეობა” დაემატება აგროტექნოლოგიური მოდული, მოხდება მინი ლაბორატორიების დაფუძნება.  თელავის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური გამოცდილება საკმაოდ სუსტია და სწორედ ამ მიმართულებით დაეხმარება კონსორციუმს ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის პერსონალი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად პროექტის პარტნიორია შუხმანის მეღვინეობა, რომელიც თავის სივრცეს დაუთმობს თელავის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირებული კურსების პრაქტიკულ გამოცდას.

 

ძირითადი აქტივობები

დასახული მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიური პროგრამების, ლაბორატორიების და კვლევების გაცნობა და ამ მიმართულებით მათი გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულის ფარგლებში უკვე შედგა  შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორების ერთი ვიზიტი საქართველოში. თუმცა, ქართველი და შვედი პერსონალის ვიზიტები გაგრძელდება მთელი პროექტის განმავლობაში.

პროექტის მნიშნელოვანი აქტივობები უკავშირდება აგროტექნოლოგიური კურსების შემუშავებას და თელავის და ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებში მათ ინტეგრირებას.

ამავდროულად, შვედეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თესაუ-სა და ალტე-ს უნივერსიტეტში მოეწყობა ისეთი ლაბორატორიები, როგორებიცაა „ჭკვიანი სათბური“, დრონების მინილაბორატორიები, ჭკვიანი მოწყობილობების ლაბორატორია.

პროექტის ფაგრლებში მიღებული შედეგების გავრცელების მიზნით გათვალისწინებულია  საერთაშორისო აგროტექნოლოგიური კონფერენციის ჩატარება, აგროტექნოლოგიური ბანაკის ჩატარება სტუდენტებისთვის, სასერტიფიკატო კურსების შექმნა და ტრენინგების ჩატარება თელავის და ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, პროექტის ფარგლებში მიღებული აგროტექნოლოგიური ცოდნის გაზიარება მოსწავლეებისთვის თელავის და ალტე უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, კახეთის ტექნოპარკების ტექნოლოგიურ კვირეულებში და აგრარულ თემებთან დაკავშირებულ ჰაკათონებში პროექტის მონაწილე პროფესორების ჩართულობა.

 

მდგრადობა

პროექტის ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა მუდმივად იქნება გამოყენებული და განახლებული პროექტის დასრულების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება აგროტექნოლოგიური მიმართულებით, რაც ზრდის დაფინანსებების სხვა წყაროების მოპოვების შესაძლებლობებს.