• English
  • ქართული

სიახლეები

სასკოლო მზაობის ჯგუფები ახმეტის მუნიციპალიტეტშიც ამოქმედდება

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ფარგლებში, სასკოლო მზაობის ჯგუფები ახმეტის მუნიციპალიტეტის რვა სკოლაში გაიხსნება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, სასკოლო მზაობის პროგრამისთვის ექვს სკოლაში უკვე  განახლდა შესაბამისი სივრცის ინფრასტრუქტურა, I2Q პროექტის ფარგლებში კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, აღიჭურვა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით. სივრცეების მოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება ექვს სკოლაში, ხოლო დარჩენილ ორ სკოლაში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. სასკოლო მზაობის ჯგუფების რეაბილიტაცია-გახსნასთან დაკავშირებული საკითხების გასაცნობად I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი  და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი ახმეტას ეწვივნენ.

I2Q პროექტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ახმეტის პირველი და მეორე, ასევე სოფლების – ქისტაურის, ქვემო ალვანის, საკობიანოს, ჯოყოლოსა და მატნის (პირველი და მეორე) სკოლებში სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის გამოყოფილი სივრცეები და მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელთან და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტთან ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ადრეული განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფების დაკომპლექტებისთვის აუცილებელ აქტივობებზე. I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტს სასკოლო მზაობის პროგრამისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ გადამუშავებული და გაუმჯობესებული მეთოდური სახელმძღვანელო – „თამაში“ – გადასცა. სახელმძღვანელო აღმზრდელებს დაეხმარება ბავშვებში სასკოლო მზაობის უნარების ჩამოსაყალიბებელი მიზნების მიღწევაში. სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფებში, განახლებული პროგრამით სწავლებას, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული საგანმანათლებლო პერსონალი განახორციელებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფები განკუთვნილია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად  სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს. თითოეული ჯგუფი 15 ბავშვის მიღებას ითვალისწინებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფების გახსნა ემსახურება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ მიზნით საქართველოს მასშტაბით შეირჩა დასახლებები, სადაც არ იყო საბავშვო ბაღები, არსებული ბაღები კი გადატვირთული, ან დაშორებული იყო საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.

სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 150 სკოლის ბაზაზე განხორციელდება. I2Q პროექტის ფარგლებში სამუშაოები ხორციელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტული დამხარებით.

გალერეა