თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები გაიხსნება
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში მალე ამოქმედდება 5 სასკოლო მზაობის ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. თითოეული ჯგუფი 15 ბავშვის მიღებას ითვალისწინებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყო სკოლაში შესაბამისი სივრცის განახლება და მოწყობა, I2Q პროექტის ფარგლებში კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სივრცეები აღიჭურვა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება სსიპ – კონდოლის საჯარო სკოლაში.
სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების გასაცნობად I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორმა თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მოინახულეს.
I2Q პროექტის წარმომადგენლები შეხვდნენ ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს და დაათვალიერეს წინანდლის, კონდოლის და ვანთის სკოლებში სასკოლო მზაობის ჯგუფებისთვის გამოყოფილი სივრცეები და მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის წარმომადგენლებმა სააგენტოს დირექტორთან მიმოიხილეს მუნიციპალიტეტში ადრეული განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფების დაკომპლექტებისთვის აუცილებელი აქტივობები.
სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფებში განახლებული პროგრამით სწავლებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული საგანმანათლებლო პერსონალი განახორციელებს. განახლებული პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტს.
სასკოლო მზაობის ჯგუფების გახსნა ემსახურება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ მიზნით საქართველოს მასშტაბით შეირჩა დასახლებები, სადაც არსებული საბავშვო ბაღები იყო გადატვირთული, ან დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან, ასევე, უპირატესობა მიენიჭა მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.
სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება საქართველოს მასშტაბით 150 სკოლის ბაზაზე განხორციელდება. I2Q პროექტის ფარგლებში სამუშაოები ხორციელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტული დამხარებით.