პირველი ეტაპის ფარგლებში დანერგილი STEAM ინოვაციური პროგრამები სრული დატვირთვით მუშაობს
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტი ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. პროგრამა უკვე წარმატებით მოქმედებს საქართველოს მასშტაბით 80 სკოლაში. ორ სკოლაში კი ე.წ. ჰაბი მოეწყო – თბილისის 126-ე და ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლები უკვე ერთი წელია STEAM ექსტრაკურიკულურ პროგრამას ინოვაციურ სამუშაო სივრცეში ახორციელებენ.
ინოვაციური სივრცის ხელმძღვანელი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ უფროსკლასელთა ინტერესი იმდენად დიდია, რომ ისინი ძალიან სწრაფად და წარმატებით დაეუფლნენ პროგრამირების შესასწავლ, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებს, 3D პრინტერს, დრონს და სხვადასხვა კომპიუტერულ ტექნიკას. მოსწავლებმა ერთი წლის განმავლობაში შეძლეს ესწავლათ ჭკვიანი მოწყობილობების მართვა, არდუინოს პროგრამირების ნაკრებზე მუშაობა, განახლებადი ენერგიისა და რობოტექნიკის მექანიზმები და ენთუზიაზმით ჩართულიყვნენ სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობაში. ორივე სკოლის მოსწავლეები ქმნიან წარმატებულ პროექტებს, მონაწილეობენ და იმარჯვებენ კონკურსებში, უმცროსკლასელებს უზიარებენ ცოდნას და ასწავლიან STEAM რესურსების გამოყენებას.
თბილისის 126-ე და ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლებმა წარმატებით დანერგეს I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამა და სხვა საპილოტე სკოლებიც ჩართეს აქტივობებსა და ღონისძიებებში.
ზუგდიდის მე-5 და თბილისის 126-ე საჯარო სკოლები STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით 2023 წელს აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში.