პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა
I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოებს წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IBF Expertise S.A. 2021-2025 წლებში საკონსულტაციო კომპანიის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადებას.
14 აპრილს, დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებულ შეხვედრაზე სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერის მიზნით 2021-2025 წლებში განხორციელებული სამუშაოები იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ანა მღებრიშვილმა გახსნა. მან I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თავის პრეზენტაციაში აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი დავალების მიხედვით, 2022-2023 წლებში, IBF Expertise S.A.-ს საერთაშორისო ექსპერტებმა გადაამზადეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი (150 ექსპერტი) და გაატარეს ღონისძიებები სკოლის ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ხოლო ავტორიზაციის პროცესის დაწყებამდე, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, რამდენიმე სკოლაში ჩატარდა ავტორიზაციის პროცესის პილოტირება. გარდა ამისა, შემუშავდა დამხმარე რესურსები სკოლებისთვის. ჩატარებულმა სამუშაოებმა ხელი შეუწყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინსტიტუციურ მომზადებას საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის ინიცირებისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ I2Q პროექტის ფარგლებში, ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის, საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით პერიოდულობით ტარდება ავტორიზებული სკოლების პროგრესის შეფასება. ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები კი ავტორიზაციის პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.
შეხვედრაზე სკოლების ავტორიზაციის ძირითადი მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა. მან ასევე წარმოადგინა სკოლების ავტორიზაციის სახელმძღვანელო.
პანელურ დისკუსიაზე სხვადასხვა რეგიონის საპილოტე სკოლების წარმომადგენლებმა სკოლების ავტორიზაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს.
I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემატური დავალების პაკეტი გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სისტემაში დანერგვის მიზნით.
შეხვედრის ბოლოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შეაჯამა I2Q პროექტის ფარგლებში სკოლების ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობით განხორციელებული ნაყოფიერი სამუშაო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, სკოლების ავტორიზაციის საბჭოსა და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები.