ლიდერობისა და სკოლის განვითარების თემებზე სკოლის დირექტორებისთვის სამდღიანი სემინარი ჩატარდა
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი მიზნად ისახავს სასკოლო განათლების გაუმჯობესებასა და სკოლის გაძლიერებას, რაც მოიცავს სკოლის მართვის ხარისხის განვითარებას, პოზიტიური და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნასა და სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას. კომპონენტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილ სამუშაოებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. ახორციელებს.
სკოლის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპილოტე სკოლების დირექტორების მომზადებაა, რაც IBF Expertise S.A-ს სერთაშორისო ექსპერტებმა – ნიუმან ბურდეტმა და ლიგიტა გრიგულემ უზრუნველყვეს – მათ მიერ ჩატარებულ სემინარების ციკლს 46 სკოლის დირექტორი დაესწრო.
სემინარების მიზანს, ერთი მხრივ, წარმოადგენდა I2Q პროექტის ფარგლებში სკოლის გაუმჯობესების პილოტირების პირველ ეტაპზე ჩართული სკოლების მიერ გამოცდილების სხვა სკოლებისთვის გაზიარება, სკოლების დირექტორებმა სემინარზე წარმოადგინეს პრაქტიკული მაგალითები და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე – I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებმა როგორ შეუწყო ხელი სწავლა-სწავლების გაუმჯობესებას, აგრეთვე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
საერთაშორისო ექსპერტებმა სემინარებზე დირექტორებთან ერთად მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: დელეგირებული ლიდერობა, მიმდინარე საკლასო პრაქტიკის რეფლექსია და მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავება მათ გასაუმჯობესებლად; სწავლის გაუმჯობესების ეფექტური გეგმების შექმნა და წარმატების საერთო ხედვა; ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და სკოლის გაუმჯობესების დაგეგმვა; ბილინგვური დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების გააზრება და ა.შ.
სემინარზე მიღებული ცოდნა დირექტორებს შესაძლებლობას აძლევს, I2Q პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ინსტრუმენტებისა და მოდულების გამოყენებით, დახმარება გაუწიონ სხვა საპილოტე სკოლებს დაწესებულების გაუმჯობესების დაგეგმვაში. მიმდინარე წლის აპრილიდან ისინი I2Q პროექტის საპილოტე სკოლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით ატარებენ სამუშაო შეხვედრებს. შეხვედრების ორგანიზებაში ექსპერტულ მხარდაჭერას კი საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.