• ქართული
  • English

სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის პრაქტიკული მენტორინგის მეორე ციკლი მიმდინარეობს

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ფონდი (SDSURF) საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის აღმზრდელების პრაქტიკული მენტორინგის მეორე ციკლი 14 მაისს, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის ერთდღიანი ტრენინგით დაიწყო.

მენტორინგის ციკლი, რომელიც ორ კვირას გასტანს, მიზნად ისახავს აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკის გაუმჯობესებას. მენტორინგის სესიებისთვის მოსამზადებელ ტრენინგზე აღმზრდელები გაეცნენ განახლებული კურიკულუმის მიზნებს, ბავშვების თვითრეგულაციის და კონფლიქტის გადაჭრის ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებდა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს ჯგუფებში, რომლებშიც როგორც საგანმანათლებლო, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი სრულად იყო ჩართული.

მენტორინგის ვიზიტები, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან, შემუშავებულია 2024 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პილოტირების მიგნებებისა და რეკომენდაციების კვალდაკვალ.

აღნიშნული ტრენინგი და მენტორინგის ვიზიტები დაეხმარება საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში.