ყვარლის მე-2 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გაიხსნა
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი ინოვაციური სივრცე სკოლის მოსწავლეების საყვარელი თავშეყრის ადგილია. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე, წარმატებით იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრებს – მათ შორის პროგრამირების შესასწავლ, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებს, 3D პრინტერს, დრონს და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკას. მოსწავლები ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს და ახორციელებენ სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას.
STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცის გახსნის ღონისძიებას I2Q პროექტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრეობოდნენ კახეთის რეგიონის სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და IBF Expertise SA-ს საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი. ჯეფრი ნოვაკმა მოსწავლეებს სივრცის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მოსწავლეებს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს. „თქვენი სივრცე აღჭურვილია შესანიშნავი საგანმანათლებლო რესურსით და ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც რეგიონის სკოლებისთვის STEAM ჰაბის ფუნქციას წარმატებით შეასრულებს. თამამად იფიქრეთ ბევრი და შექმენით ისეთი პროდუქტები, რომლებიც სამყაროს უკეთესს გახდის“, – აღნიშნა მან. საერთაშორისო ექსპერტმა მოსწავლეებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველოს“ რეგიონული და ეროვნული კონფერენციის თაობაზე, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა.
ქალაქ ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი პროექტები და სასწავლო რესურსების გამოყენების დემონსტრირება მოახდინეს.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB) პროექტის ფარგლებში.