• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ინოვაციური სივრცე საჩხერის №1 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის №1 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე IBF Expertise SA-ს საერთაშორისო ექსპერტმა ჯეფრი ნოვაკმა I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

ინოვაციური სივრცე აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით და STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკით, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებით, 3D პრინტერით, დრონით და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით. როგორც სხვა მსგავს სკოლებში, ეს სივრცე საჩხერის №1 საჯარო სკოლაშიც მოსწავლეების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა.

„STEAM ინოვაციურმა სივრცემ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი კიდევ გააღრმავა ჩვენს მოსწავლეებში, ასწავლა მათ გუნდურად მუშაობა, განუვითარა კრიტიკული აზროვნება, გამოუმუშავდათ პრობლემების გადაჭრის უნარები და შემოქმედებითობა. შინ წასვლა ავიწყდებათ ბავშვებს. აქ ავლენენ მთელ თავიანთ ნიჭს და გონიერებას, ერთმანეთს ასწავლიან, გამოცდილებას უზიარებენ და გამომგონებლები ხდებიან“, – აღნიშნა STEAM ინოვაციური სივრცის ხელმძღვანელმა.

„STEAM-ით ბავშვების ცნობისმოყვარეობა კმაყოფილდება, მიდიან აღმოჩენებამდე, ხდებიან შემოქმედებითები. STEAM ხშირად კრეატიულ გადაწყვეტილებებს ითხოვს, რადგან პრობლემების გადაჭრა მისი განუყოფელი ნაწილია.  ბავშვები სწავლობენ განსხვავებულად ფიქრს. იფიქრეთ ბევრი და იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ თქვენი გამოგონებებით“, – უთხრა ბავშვებს პროფესორმა ჯეფრი ნოვაკმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის რესურსცენტრის წარმომადგენლები, რეგიონის სკოლების პედაგოგები და მშობლები.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB) პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.