• ქართული
  • English

სიახლეები

ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა

ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის STEAM ინოვაციური სივრცე მაისის ბოლოს საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ სივრცის გახსნისთვის სკოლას ეწვივნენ I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი და IBF Expertise SA-ს საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ნოვაკი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, რეგიონის სკოლების ხელმძღვანელები და მშობლები.

მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები წარუდგინეს და სასწავლო რესურსების გამოყენების დემონსტრირება მოახდინეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ STEAM ინოვაციური სივრცე ცოდნის გაღრმავებასა და ურთიერთობების დამყარებაში ეხმარებათ. აქ ისინი ერთმანეთს აჯიბრებენ მათ მიერ  დაპროექტებულ რობოტებს, ხალისით ერთვებიან შემოქმედებით საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც კეთებით სწავლების მეთოდოლოგიით ხორციელდება.

სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სოფელ დიმის სკოლასთან. დიმის სკოლის მოსწავლეები STEAM ინოვაციური სივრცის ხშირი სტუმრები არიან ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში.

ჯეფრი ნოვაკმა მოსწავლეებს სივრცის გახსნა მიულოცა,  STEAM განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია ინოვაციების გარეშე. „გამოიყენეთ ყველა რესურსი რაც ამ სივრცეშია, ეძიეთ, იკვლიეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოძებნეთ ინოვაციური და კრეატიული გადაწყვეტები. თქვენი ცოდნა გაუზიარეთ სხვებს. STEAM ეხება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. ტექნოლოგიები საჭიროა ყველგან და ყველაფერში და სწორედ ტექნოლოგიები დაგეხმარებათ ყველა კარი გაიღოს თქვენ წინ, თქვენი გამოგონებებით შეცვალოთ გარემო ირგვლივ და სამყარომ გაგიცნოთ“, – მოსწავლეებს მიმართა პროფესორმა ჯეფ ნოვაკმა.

საერთაშორისო ექსპერტმა მოსწავლეებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველოს“ რეგიონული და ეროვნული კონფერენციის თაობაზე, სადაც I2Q პროექტის 200 საპილოტე სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.