საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარეობს სწავლების მართვის თანამედროვე პლატფორმის დანერგვა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარეობს სწავლების მართვისა და მენეჯმენტის თანამედროვე პლატფორმის (LMS) დანერგვის პროცესი. აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებულია ზოგადი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერაზე, სასწავლო პროცესების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდაზე.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი CoreFour/Orient Logic ამჟამად ახორციელებს EDSBY პლატფორმის ინტეგრაციას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში. EDSBY წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების სრული ციკლის ელექტრონულ მართვას და სასკოლო ცხოვრების ყველა მონაწილის (დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, სამინისტროს წარმომადგენელი) ეფექტიან ჩართულობას ერთიან სისტემაში.
კონსორციუმის ორგანიზებით 30 მაისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო პოლიტიკის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრის ფარგლებში, Edsby-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა — პროექტის დირექტორმა ჯონ მაიერსმა და კურიკულუმის ექსპერტმა სარა ჰვანგმა — დეტალურად წარადგინეს პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალი, მისი ინტეგრაციისა და ლოკალიზაციის შესაძლებლობები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ახალი სისტემა ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიან განხორციელებას, შეფასების პროცესის თანამედროვე მიდგომებით მართვას, სასწავლო რესურსების ციფრულ გაზიარებას, მშობლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
LMS სისტემის საპილოტე დანერგვა 2025 წლის სექტემბრიდან იგეგმება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მოდერნიზაციის გზაზე და ქმნის საფუძველს ინოვაციური, ინკლუზიური და მონაცემებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.