• ქართული
  • English

სიახლეები

სოფელ დიცის საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე ამოქმედდა. ინოვაციურ სივრცეს I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი 6 ივნისს ეწვია და მოსწავლეებთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას გორის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს ინოვაციური სივრცის გახნა მიულოცა და საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველოს“ რეგიონული და ეროვნული კონფერენციის თაობაზე, სადაც I2Q პროექტის 200 საპილოტე სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა. კომპონენტის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული კონკურსის შეფასების კრიტერიუმების, რესურსების გამოყენების, პროცესის დაგეგმვის შესახებ და მათ კითხვებს უპასუხა. „ამ დიდ პროექტზე მუშაობა არაჩვეულებრივ გამოცდილებას შეგძენთ და მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს მომავალს. კეთებით სწავლება ძალიან სახალისოა. ეტაპობრივად, ყველა მოწყობილობას აითვისებთ, შემდეგ მათ მაქსიმალურად გამოყენებაზე დაფიქრდით. იყავით თამამები, კრეატიულები, გააერთიანეთ ძალები და წარმოადგინეთ პროექტი“, – მიმართა ბავშვებს ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა.

„ბავშვებს ამ ოთახში ყოფნა ძალიან მოსწონთ. მათ, შორის უმცროსკლასელებსაც. სექტემბრიდან ვგეგმავთ ჩვენს STEAM ინოვაციური სივრცეში რეგიონის სკოლების მოსწავლეების მოწვევას და გამოცდილების გაზიარებას. ჩვენი სკოლა გადაიქცევა ერთგვარ ცენტრად, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააერთიანებს“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სოფელ დიცის სკოლის მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს და სასწავლო რესურსების გამოყენების დემონსტრირება მოახდინეს.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.