ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე ამოქმედდა
STEAM ექსტრაკურიკულური აქტივობების განსახორციელებლად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა.
„ეს არაჩვეულებრივი სივრცე ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ჩვენს მოსწავლეებს. ისინი აქ ბევრ დროს ატარებენ, მათ შორის დასვენების დღეებში და გულმოდგინედ მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე. თეორიის პრაქტიკაში გადატანით საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა ძალიან მიმზიდველი გახდა ბავშვებისთვის. სწავლობენ და თანატოლებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. გოგონები აქტიურად არიან ჩართულები კლუბის საქმიანობაში. ტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ უმცროკლასელები“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და I2Q პროექტის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და რეგიონის სკოლების დირექტორები.
სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი პროექტები და სასწავლო რესურსების გამოყენების დემონსტრირება მოახდინეს.
„მიხარია თქვენი პროექტების ნახვა. თქვენს ყველა ნამუშევარში იგრძნობა ინტერესი, მოტივაცია და ძალიან თვალსაჩინოა თქვენი გუნდურობა. სულ რამდენიმე თვეში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენეთ“, – მიმართა მოსწავლეებს I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა.
ფერის საჯარო სკოლას დაახლოებით 3 თვის წინ გადაეცა საგანმანათლებლო ნაკრებები: პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა. ინოვაციურ სივრცეს I2Q პროექტის ფარგლებში გადამზადებული პედაგოგი ხელმძღვანელობს.
ფერიის საჯარო სკოლა თანამშრომლობს რეგიონის სკოლებთან და დაინტერესებული მოსწავლეები STEAM ინოვაციურ სივრცეს სტუმრობენ ხოლმე.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.