• ქართული
  • English

სიახლეები

ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე ოფიციალურად გახსნა. მსგავსი განსაკუთრებული ინოვაციური სივრცე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულ 12 საპილოტე სკოლაში უკვე მოწყობილია და სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები STEAM პროექტების მომზადებაში, მათ შორის უმცროსკლასელებიც. STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცეები აღჭურვილია სხვადასხვა STEAM საგანმანათლებლო რესურსით, დრონით, 3D პრინტერით, პროგრამირებისა და რობოტიკის ნაკრებებით. საკონფერენციო სისტემის მეშვეობით სკოლებს შესაძლებლობა აქვთ სხვა სკოლებთან დისტანციურად ერთობლივი STEAM პროექტები და სხვა ღონისძიების განახორციელონ.

საჯარო სკოლებში შექმნილ STEAM ინოვაციურ სამუშაო სივრცეებში მოსაწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ძირითადი, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ჩაერთონ დამატებით, ექსტრაკურიკულურ აქტივობებში და იმუშაონ STEAM პროექტებზე. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა მოსწავლეებს ეხმარება სწავლის შედეგების დაძლევაში, ზრდის მათ ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ და სძენს პრაქტიკულ გამოცდილებას.

STEAM ინოვაციური სივრცის გახსნის შემდეგ მინისტრის მოადგილე კონკურსის „მომავლის საქართველო“ რეგიონული ტურის (იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლები) მონაწილე სკოლების მიერ მომზადებულ STEAM პროექტებს გაეცნო და სერტიფიკატები გადასცა.

ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ მიზანია STEAM საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება. პროგრამის პილოტირებაში ჩართული არიანი როგორც დაწყებითი, ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB) პროექტის ფარგლებში.