• ქართული
  • English

სიახლეები

თესაუში მეორე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

25-26 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“ – ფარგლებში მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები STEAM განათლებაში“ ჩატარდა.

კონფერენციას საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) წარმომადგენლები.

CIF-ის განათლების სპეციალისტმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა:  „ძალიან გვიხარია, რომ ეს პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. მისი განმახორციელებლი ჯგუფი, 15 თვის განმავლობაში, სამოქმედო გეგმას კვალდაკვალ მიუყვებოდა. პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მნიშვნელოვანი შედეგებიც არის მიღწეული: უნივერსიტეტში დაინერგა STEM მიმართულება, წარმატებით დაიძლია ყველაზე დიდი გამოწვევა – STEM ქსელის ლაბორატორიების ჩამოყალიბება არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ საჯარო სკოლების ჩართულობით, ლაბორატორიები აღიჭურვა STEM ნაკრებებით, განახლდა სასწავლო პროგრამები, განვითარდა მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობით განხორციელდა და, იმედია, ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტით – „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“ გათვალისწინებული საკითხები, როგორიცაა STEAM საგნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის – კვლევაზე დაფუძნებული სწავლება; გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული სწავლება; ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; არაფორმალური განათლება; ინკლუზიური განათლება; მდგრადი განვითარება სწავლებაში. ასევე, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პედაგოგიური პრაქტიკისა და საჭიროებების კვლევა.

პროექტს თესაუსთან ერთად ახორციელებენ სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი და შპს „სთიმითი“. პროექტის მიზანია STEM მიმართულების გაძლიერება და კურიკულუმში ინოვაციური მიდგომების განვითარება განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტსა (თესაუ) და პედაგოგიკის ფაკულტეტზე (აწსუ), მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის. პროგრამა ემსახურება უნივერსიტეტებსა და სკოლებში STEM მიმართულების გაძლიერებას და მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას.

STEM რესურსებისა და სასწავლო სცენარების მომზადებასა და დანერგვის მეთოდოლოგიაში მთავარი მხარდამჭერი იყო კონსორციურმის წევრი „სთიმითი“, ხოლო აკადემიურ გადამზადებასა და STEM კლუბების ქსელის ჩამოყალიბებაში კონსულტაციებს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის (ვარშავა, პოლონეთი) პროფესიონალები უწევდნენ.

გალერეა