• ქართული
  • English

სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მენტორინგის განმეორებითი ციკლი მიმდინარეობს

I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება.

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და მენეჯერებისთვის პროფესიული განვითარებისა და მენტორინგის სესიის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგები და მენტორინგის ვიზიტები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას. ამავდროულად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებს არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების აღმოჩენაში უწყობს ხელს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განმეორებით ტრენინგს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი და ადგილობრივი ტრენერი – ცენტრის მეთოდისტი უძღვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გასულ წელს, პროფესიული განვითარებისთვის ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში მოამზადა ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც ცოდნის გავრცელებას უზრუნველყოფენ.

მონიტორინგის მიზნით ღონისძიებას ესწრებოდა I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი. მასთან საუბარში საბავშვო ბაღების მენეჯერებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს პროფესიული განვითარების ტრენინგების გავლის შემდეგ მარტივად შეძლეს ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადება, ხოლო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სიმულაციები ძალიან დაეხმარათ რეალურ სიტუაციაში. ამ ეტაპზე საავტორიზაციო ვიზიტები განხორციელებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში  და მალე მიიღებენ ექსპერტების დასკვნას/შეფასებას. „ბავშვზე ორიენტირებული მიდგომები, არასაკონტაქტო დროის გამოყენება და ტრენინგზე გავლილი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ძალიან დაგვეხმარა მუშაობაში. მშობლების გაძლიერებამ და მათი ჩართულობის გაზრდამ კი მხარი დაგვიჭირა ავტორიზაციაში“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მენეჯერმა.

პროფესიული განვითარების ტრენინგი ინტერაქციულად წარიმართა. აღმზრდელებმა წარმოადგინეს საუკეთესო მაგალითები. საბავშვო ბაღების მენეჯერებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ აღმზრდელების მიმართ მეტად მხარდამჭერები გახდნენ, რამაც სააღმზრდელო პროცესი უფრო დინამიური გახადა, ხოლო აღმზრდელებში გაიზარდა თვითრეფლექსიურობა, რაც, საბოლოო ჯამში, აღსაზრდელების კეთილდღეობაზე და უნარების ჰოლისტურ განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახა.

ტრენინგებმა აღმზრდელებს ხელი შეუწყო ბავშვის საჭიროებებზე სწორად მორგებაში, მშობლების უპირობო ნდობის მოპოვებაში, ოჯახისა და თემის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფაში.  „დიდი ყურადღება მივაქციეთ გარემოს, შეძენილი ცოდნის დანერგვამ ცხადი გახადა, რომ კარგად მოწყობილი და კომფორტული გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში“, – აღნიშნავენ აღმზრდელები. „ოთხჯერ შევცვალე სამუშაო გარემო, ვიდრე ისეთი არ შევქმენი, როგორიც ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. დაკვირვება და რეფლექსიები ბავშვების განვითარებისთვის საუკეთესო გზა არის“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტრენინგში მონაწილე აღმზრდელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება დეტალურად გაუზიარეს კოლეგებს, იმსჯელეს, იკამათეს და საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც საბავშვო ბაღების გარემოს დადებითისკენ შეცვლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. „ტრენინგებმა დაგვანახა, როგორ განვვითარდეთ, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე გამოწვევებს, ვიყოთ ბავშვზე ორიენტირებული. მივხვდით, რომ მნიშვნელოვანია ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება. პრაქტიკის გაზიარებამ გუნდურობა გვასწავლა და კარგი ურთიერთობები ჩამოგაყალიბებინა“, – აღნიშნავენ აღმზრდელები.

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი და ადგილობრივი ტრენერი 10 დღის განმავლობაში, ადგილზე – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღში საგანმანათლებლო პერსონალს სააღმზრდელო პროცესში გაუწევს მენტორობას. მეტორინგის ვიზიტები ბუნებრივ გარემოში ჩატარდება. მეტი ეფექტისთვის, გასული წლისგან განსხვავებით, ვიზიტების ხანგრძლივობა გაზრდილია.

მენტორინგის ვიზიტებისას განსკუთრებული ყურადღება მიექცევა, თუ როგორ  იყენებენ აღმზრდელები და აღმზრდელ-პედაგოგები ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებსა და განახლებულ კურიკულუმს ყოველდღიურ საქმიანობაში.

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც პილოტირებაში ჩართული მუნიციპალიტეტები შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმოადგნენ. კონფერენციაზე შეჯამდება ტრენინგისა  და მენტორინგის სესიები და წარმოდგენილი იქნება საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი წარმატებული პრაქტიკები,არსებული გამოწვევები და საჭიროებები.