• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული მესამე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში 11 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგები, რომლებიც „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბაია კვიციანმა სიტყვით გამოსვლისას ხარისხიანი, ინკლუზიური და ბავშვზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტმა ანა ბერძენაძემ, I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და SDSU პროფესორმა დუგლას ფიშერმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტების გუნდის ხელმძღვანელმა ნენსი ფრაიმ და პროფესორმა ჯეიმს მარშალმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები და გააცნეს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და ძირითადი მიგნებები.

სესიებზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მენტორინგის მოდელი, საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტი გაძლიერების სქემა, ადრეული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ხედვა, განახლებული კურიკულუმი და ბავშვის განვითარების შეფასების სისტემა.

ღონისძიება მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც მუნიციპალიტეტების, საბავშვო ბაღების და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ასევე პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმა წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები და განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მომდევნო სამუშაო ვიზიტით საქართველოს 2026 წლის თებერვალში ეწვევიან.