STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ რეგიონული ტურების მეორე ეტაპი დაიწყო
STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ მეორე ეტაპის შესარჩევ ტურს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის საჯარო სკოლამ 17 ნოემბერს უმასპინძლა. შესარჩევ ტურში მონაწილება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის მხარის საპილოტე საჯარო სკოლებმა. ამ სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაინერგა.
ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო“ საკონკურსო თემები საფეხურების მიხედვით განსხვავდებოდა – დაწყებითი საფეხური: საუკეთესო სათამაშო მოედნის პროექტი; საბაზო საფეხური: ეპიკური სკოლის პროექტი; საშუალო საფეხური: მომავლის ქალაქის პროექტი. თითოეულმა სკოლამ, პროექტის მოსამზადებლად, I2Q პროექტისგან 500-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ნამუშევრები შეაფასა საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჟიურიმ, რომელიც ოთხ ძირითად კომპონენტს ითვალისწინებდა: პროექტის გეგმა, მოდელი, ესსე და შემაჯამებელი ვიდეორგოლი.
საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ნოვაკმა, მაღალი შეფასება მისცა ყველა წარმოდგენილ პროექტს და აღნიშნა: „საკმაოდ რთული აღმოჩნდა თქვენი საოცარი პროექტებიდან საუკეთესოს გამოვლენა. დღევანდელი დღე უნდა იქცეს მოტივაციად, უფრო მეტი იმუშაოთ, უკეთესი იდეები მოიფიქროთ და თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებით თქვენ ირგვლივ გარემო გააუმჯობესოთ“.
პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ საერთაშორისო ექსპერტმა და I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა კონკურსის მონაწილე ყველა სკოლას სერტიფიკატები გადასცეს.
აჭარისა და გურიის რეგიონული ტურის სამი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა. გამარჯვებული პროექტები წარმოდგენილი იქნება თბილისში, ნოემბრის ბოლოს, დასკვნით STEAM კონფერენციაზე, სადაც ისინი „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის 30 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდებიან.
აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.

