STEAM საერთაშორისო ექსპერტი სოფელ დიცის საჯარო სკოლას ეწვია
სოფელ დიცის საჯარო სკოლას (გორის მუნიცპალიტეტი) I2Q პროექტის წარმომადგენლები საერთაშორისო ექსპერტთან, ჯეფრი ნოვაკთან ერთად ესტუმრნენ. სტუმრებმა სკოლის STEAM ინოვაციური სივრცე მოინახულეს და გაეცნენ მოსწავლეების პროექტს „მომავლის სკოლა“, რომელიც ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო 2025“ ფარგლებში შეიქმნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის მუშობის პროცესზე, გაიხსენეს იდეების გენერირების, ესკიზების შექმნის და პროექტის დეტალების დახვეწის ეტაპები.
„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, მიხარია თქვენთან ყოფნა. დღეს საქართველოში ჩემი ხანგრძლივი ვიზიტის ბოლო დღეა, ამიტომ ძალიან მინდოდა თქვენი მონახულება. თქვენ მიერ მომზადებული პროექტი დიდებულია, თქვენთან შეხვედრამ და საუბარმა კი შთაბეჭდილებებით ამავსო. ასე გააგრძელეთ – იფიქრეთ, შექმენით, დახვეწეთ. წარმატებებს გისურვებთ“, – მიმართა მოსწავლეებს საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ჯეფრი ნოვაკმა.
დიცის საჯარო სკოლის დირექტორმა სტუმრებთან საუბრისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ექსპერტს სტუმრობისთვის და STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვაში გაწეული დახმარებისთვის. „ეს პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. დიდი მადლობა I2Q პროექტს მხარდაჭერისთვის. ეს განსაკუთრებული მოწყობილობები ჩვენს მოსწავლეებს უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება. თქვენი სტუმრობა კი ძალიან დასაფასებელი. ამ ინოვაციური სივრცეში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს ძალიან გამოადგებათ. პროექტზე მუშაობისას ბევრი იმუშავეს, უამრავი რამ გაიაზრეს. უფრო და უფრო უკეთესი იდეები უჩნდებათ, მომავალში უკეთეს პროექტებს შექმნიან. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, დღევანდელი დღე გამორჩეულია. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ეროვნული კონკურსისთვის პროექტის მომზადებაში. დიდი მადლობა ყველას მოსწავლეებს გულშემატკივრობისათვის“, – განაცხადა დიცის საჯარო სკოლის დირექტორმა.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სოფელ დიცის საჯარო სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში ფუნქციონირებს.

