• ქართული
  • English

სიახლეები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკს უმასპინძლა

I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

სტუდენტური ბანაკი, რომელიც აგროტექნოლოგიების საკითხებს მიეძღვნა, 8-12 დეკემბერს, თესაუში, პროექტის – „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ბანაკის პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, მათ შორის თეორიული ლექციებით, პრეზენტაციებით, პრაქტიკული და საველე სამუშაოებით.

ღონისძიება დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზით. ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს სექტორის ფაქტები, მონაცემები და ძირითადი გამოწვევები.

პრეზენტაციები გამართეს ადგილობრივი და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ციფრულ აგროტექნოლოგიებზე: ბიოინფორმატიკის როლი ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარებაში; დრონებისა და აგროტექნოლოგიების გამოყენება; დისტანციური ზონდირება და ჭკვიანი სათბურების მართვა.

ბანაკის უმეტესი ნაწილი მიმართული იყო ძირითადი ტექნოლოგიების პრაქტიკულ ათვისებაზე. სტუდენტები აქტიურად მუშაობდნენ ორ ჯგუფში, რომლებიც ფოკუსირებული იყო დრონების თეორიასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე და ჭკვიანი სათბურებისა და პროექტის შემუშავებაზე.

გამოყენებითი უნარების გამომუშავების დღე მთლიანად დაეთმო საველე სამუშაოებს, სადაც სტუდენტებმა შეასრულეს დრონების პრაქტიკული გამოყენების დავალებები და იმუშავეს ჭკვიანი სათბურის პროექტის კონკრეტულ ნაწილებზე. ამ დღეს გაიმართა უცხოელი ექსპერტის ლექციაც ბიოინფორმატიკის საკითხებზე.

ბანაკის დასკვნით დღეს მონაწილე ჯგუფებმა წარმოადგინეს ფინალური პროექტები, სადაც ასახეს ხუთი დღის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. წარმატებული მონაწილეობისთვის სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ.

საერთაშორისო სტუდენტური ბანაკის მიზანი – ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში, წარმატებით განხორციელდა.

პროექტი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში (IIATEP)“ 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტი მიზნად ისახავდა თესაუ-ს აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის, მევენახეობა და მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა და ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზებას.

პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კონსორციუმის შემადგენლობით განახორციელა ალტე უნივერსიტეტმა, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მონპელიეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.