I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) კვლევითი ფონდის ექსპერტები 8-10 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანი I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების შეჯამება და მიღწეული შედეგების განხილვაა.
ვიზიტის ფარგლებში, 9 თებერვალს, საერთაშორისო ექსპერტებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი შეხვდა. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და შემუშავებული მექანიზმების ქვეყნის მასშტაბით დანერგვის პროცესი.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მრავალწლიანი აქტიური პარტნიორობისთვის. ბაია კვიციანმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საფუძვლად დაედება სკოლამდელი განათლების ხარისხის გრძელვადიან ზრდას.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ და პროფესორმა ჯეიმს მარშალმა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს, მაღალი შეფასება მისცეს განხორციელებულ სამუშაოებს და გამოთქვეს მზადყოფნა, კვლავაც აქტიურად ჩაერთონ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.

