უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ მართვის ჯგუფსა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მომუშავე ექსპერტებთან.
შეხვედრის თემას I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელისა და მექანიზმების განხილვა წარმოადგენდა. ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ უმაღლესი განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების ფორმირებაზე.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბაზო დაფინანსების მოდელი, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასა და აკადემიური პროგრამების სპეციფიკური საჭიროებების აღიარებაზე, სწავლის განსხვავებული საფასურების იდენტიფიცირების გზით; ასევე, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი, რომელიც სახელმწიფო პრიორიტეტებსა და დაკვეთას გაითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დაფინანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), რომელიც სისტემაში 2022 წლიდან ფუნქციონირებს.
სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დაფინანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხილვის შემდგომ ფაზაზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაერთვებიან.

