თსუ-ში ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროექტის – „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ – შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი განხორციელდა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. თსუ-სთან ერთად, პროექტზე მუშაობდა საერთაშორისო კონსორციუმი: სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ევრის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) და ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია).
პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური ცენტრი — ჰაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას. ჰაბი ხელს უწყობს კომპიუტერული მეცნიერების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინდუსტრიული პრაქტიკის ინტეგრირებასა და STEM მიმართულებით გენდერული ინკლუზიურობის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.
ჰაბის ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით:
- High-Performance Workstation: მძლავრი სამუშაო სადგური დიდი მონაცემების (Big Data) დასამუშავებლად და მანქანური სწავლებისათვის (Machine Learning);
- ქსელური ინფრასტრუქტურა: სერვერული მხარდაჭერა ღრუბლოვან რესურსებზე წვდომისთვის;
- თანამედროვე ვიდეოსტუდია: „All in One“ პრინციპით აღჭურვილი სივრცე ვიდეოლექციების ჩასაწერად და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები „ცოცხალი“ (Live) ვიდეოკონფერენციებისთვის.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაა. კერძოდ: აკრედიტაცია მიიღო ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამამ „კომპიუტერული მეცნიერება“; შემუშავდა და აკრედიტაციისთვის მომზადდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“.
გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, თსუ-სთვის მომზადდა ICT სფეროში გენდერული ინკლუზიურობის განხორციელების გეგმა, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმძღვანელო და კომპიუტერული მეცნიერების სწავლების გზამკვლევი უმაღლესი სასწავლებლებისთვის.
შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი. სტუმრებმა საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბის გახსნის შემდეგ დაათვალიერეს ახალი სივრცე და პრაქტიკულად გაეცნენ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს.

