• ქართული
  • English

სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი: „საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლა, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), USAID-ის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს. პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სორენ ნელმანმა ახალი პროგრამის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქათველოში განათლების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული განათლების რეფორმაში. შეხვედრაზე განვიხილეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. ამ პროექტის ფინანსური ნაწილი 102 მილიონ დოლარს შეადგენს და იგი მოხმარდება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, ხარისხის ამაღლებას განათლების ყველა საფეხურზე.

შეხვედრაზე დონორ ორგანიზაციებს შევთავაზეთ, პროდუქტიული თანამშრომლობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გავაგრძელოთ, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი საქმიანობა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის კოორდინირებულად წარმართონ.“