• English
  • ქართული

სიახლეები

მხარდაჭერის მისიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომდგენლებთან

17 თებერვალს, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის აღმასრულებელ დირექტორთან თამარ სანიკიძესთან ერთად ონლაინ შეხვედრები გამართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს I2Q პროექტთან თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – ლაშა მარგიშვილი და კახაბერ ერაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და მისი მოადგილე მანანა რატიანი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი დიმიტრი ბერიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მიმოიხილეს არსებული სიტუაცია და მიმდინარე აქტივობები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ეროვნული შეფასების ახალი ელექტრონული სისტემის ტექნიკური გამართვის შესახებ, რომლის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მოსწავლეების შედეგებზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჭირო ცვლილებების განხორციელება სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა ზოგადი და უმაღლესი განათლების საკითხებს დაეთმო. აღინიშნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამართვის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვისა და ცვლილების აუცილებლობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება ახალი სტანდარტების შესაბამისი გზამკვლევების მომზადება, ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობების გაძლიერება, სკოლების ავტორიზაციისთვის მომზადება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. პროექტი ცენტრს უცხოელი კონსულტანტების ჩართულობით შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია ცენტრთან თანამშრომლობა დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის განვითარების, აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცენტრში მიმდინარე პროცესებს და სიახლეებს. ბერიკა შუკაკიძემ და მანანა რატიანმა ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და მათ ხელშეწყობაზე შესაბამისი რესურსებითა და მხარდაჭერით.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო EMIS–ის სადიაგნოსტიკო კვლევას, რომლის მიზანიც მისი შესაძლებლობების განვითარება და განახლებაა.