• English
  • ქართული

სიახლეები

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

31 მარტს გაიმართა სახელმწიფო დონეზე არსებულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოში მომუშავე ყველა მსხვილი დონორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, განათლების წამყვანი სპეციალისტი ნინო ქუთათელაძე. ეკატერინე დგებუაძემ დონორებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე. მან ისაუბრა დონორთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე განათლების სტრატეგიის შექმნის პროცესში. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიაზე მუშაობა ხორციელდება I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ეკატერინე დგებუაძემ ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ძირითადი მიმართულებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დონორთა კოორდინაცია, რომ ეფექტიანად იყოს გამოყენებული დონორთა რესურსები, პროცესი იყოს გამჭვირვალე და მუდმივად ხდებოდეს საჭირო ინფორმაციის დროული გაცვლა. დონორთა მუშაობა ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება როგორც ძირითად საკოორდინაციო საბჭოსთან, ასევე თემატური სამუშაო ჯგუფების შემთხვევაშიც.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

პროექტის საფუძველია სასესხო ხელშეკრულება N8955-GE, რომელიც 2019 წლის 18 ივნისს გაფორმდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და საქართველოს მთავრობას შორის. პროექტი მოიცავს 5 კომპონენტს და განხორციელდება 6 წლის ვადაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს 5 კომპონენტს: 1. ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; 2. ზოგადი განათლების სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლება; 3. უმაღლესი განათლების დაფინანსების გაძლიერება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; 4. სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; 5. პროექტის მართვის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება.

გალერეა