• English
  • ქართული

სიახლეები

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური კოორდინაციისთვის ერთიანი პლატფორმა შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.

შეხვედრის მიზანს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კომუნიკაციისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის შემუშავება წარმოადგენდა. დაგეგმილია ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც  განათლების სექტორში მიღწეული პროგრესის შეფასების, დონორებისა და სხვა მონაწილეთა მიმდინარე პროგრამების განხილვის, ინვესტიციების საჭიროებების დაზუსტების და ახალი ერთობლივი პროექტების იდეების გენერირების ეფექტიანი მექანიზმი იქნება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში საქართველოში განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს მთავრობას აკისრია ძალზედ მნიშვნელოვანი ვალდებულება, საქართველოს თითოეული მოქალაქე აღჭურვოს საჭირო უნარ-ჩვევებით და უზრუნველყოს მათთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი უმთავრესი მიზანი, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც ხარისხიან განათლებასა და მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. მისი თქმით, ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია. დოკუმენტის შემუშავებაში პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), USAID-ის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.