• English
  • ქართული

სიახლეები

EMIS-ის სადიაგნოსტიკო კვლევას საერთაშორისო კომპანიები ჩაატარებენ

I2Q პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შესაძლებლობების გასაძლიერება. ამ მიზნით, საერთაშორისო ტენდერის გზით, შეირჩა 3 საერთაშორისო კომპანია: ირლანდიური კომპანიები EdTech Ventures და H2 Learning და ინდური კომპანია Conscience IT, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებით. კომპანია უზრუნველყოფს EMIS-ის მთლიანი სისტემის სიღრმისეულ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა საჭიროებებს საქართველოში განათლების  სისტემის შემდგომი განვითარებისა და განახლებისთვის.

კონსულტანტმა კომპანიებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, EMIS-ისა და I2Q პროექტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმირება და დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.

კომპანიები ჩატარებული კვლევით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით 8 თვის განმავლობაში წარმოადგენს რეკომენდაციებს და EMIS-ის განვითარების შესაძლებლობებს. უცხოელი ექსპერტები განათლების სისტემას დაეხმარებიან თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სისტემების აწყობაში და ფუნქციების, პასუხისმგებლობის არეალის, მისიისა და სტრატეგიის განახლება/გაუმჯობესებაში. განახლებული EMIS-ით შესაძლებელი გახდება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებული EMIS უწყვეტი განათლების დანერგვის, დაკვირვების, ინფორმაციის ნებისმიერ ჭრილში ანალიტიკისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისცემს განათლების სისტემას.