• English
  • ქართული

სიახლეები

I2Q პროექტის მართვის გუნდებმა მსოფლიო ბანკს მიმდინარე აქტივობები გააცნეს

9 ივნისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ბანკის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფარგლებში არსებული პროგრამის მართვის ჯგუფისა (PMU) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან (MDF) შექმნილი პროექტის  მართვის გუნდის (PMT) წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში მიმდინარე აქტივობები და ისაუბრეს მომდევნო ნაბიჯებზე.

I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ სანიკიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია პროექტის კომპონენტების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის, სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკური კვლევის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის შესახებ.

თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ მალე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დაიწყება მუშაობა ინოვაციების ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის პაკეტის შემუშავების მიმართულებით. ინოვაციების ფონდის შექმნის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მიმდინარე სამუშაო პროცესის შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD)“ განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. იგი შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 ჩარჩო დოკუმენტთან და მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.