მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა:
„მიზნის მისაღწევად 3 ძირითადი ამოცანა იკვეთება: პირველი, უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტებმა ინდუსტრიასთან კავშირში უნდა შეიმუშაონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი/ორმაგი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები და მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია. უნივერსიტეტები შეფასდებიან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გზით.
მეორე ამოცანა გახლავთ უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მოხდება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა: სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს განვითარება, უნივერსიტეტების აღჭურვა ადაპტირებული სასწავლო მასალებით, სპეციალური ტექნიკითა და რესურსებით, ასევე მოხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების უმაღლეს განათლებაში მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა.
მესამე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ეფექტური დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უნივერსიტეტების განვითარებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ამუშავებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებას გულისხმობს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უნივერსიტეტები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები.
მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის შედეგად ქვეყანას ექნება კიდევ უფრო დახვეწილი უმაღლესი განათლების სისტემა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. გეგმის განსახორციელებლად კი ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.