• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად მუშაობა დაიწყო

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q ითვალისწინებს ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას. ამ მიმართულებით დაგეგმილია განათლების ხარისხის მართვის მოდელის დახვეწა, მონაცემთა მართვისა და ანგარიშგების სისტემის ფორმირება, პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სხვ. პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში რეაბილიტირდება, აღიჭურვება და გაიხსნება სასკოლო მზაობის ჯგუფები,  რომლებშიც დაინერგება განახლებული და გაუმჯობესებული სასკოლო მზაობის პროგრამები.

ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი აქტივობების განსასაზღვრად საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩა საერთაშორისო მოკლევადიანი კონსულტანტი ტრინა არსენო. ტრინა არსენო ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო აქტივობების განსასაზღვრად ტექნიკურ დავალებას მოამზადებს.

ტექნიკური დავალების მომზადების დეტალები, შემსრულებელი კომპანიის შერჩევის კრიტერიუმების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, 30 ივნისს ტრინა არსენოსთან ონლაინ შეხვედრა გამართეს პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ და ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ.

მხარებმა ისაუბრეს ადრეული სკოლამდელი განათლების (2 დან 5 წლამდე ასაკის აღსაზრდელების) გაუმჯობესების შესახებ, რაც სკოლამდელი მზაობის ჯგუფების ეფექტური განვითარებისათვისაა აუცილებელი, პრაქტიკოსი აღმზრდელების პროფესიული გადამზადების მოდულებში მშობლების განათლების ინტეგრირება. ასევე, განიხილეს სკოლამდელი მზაობის ჯგუფების განვითარებისათვის საჭირო ვადები და აქტივობები.