• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მისია გრძელდება – დღე მესამე

I2Q პროექტის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს შეხვედრა გამართეს პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ლია გიგაურთან.

ლია გიგაურმა წარმოდგენილი პრეზენტაციისას ისაუბრა კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებსა და  შედეგებზე. მან აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავებისას, ზოგადი განათლების ნაწილში ჩართულმა კონსულტანტებმა გეგმის სამუშაო ვერსია უკვე წარმოადგინეს.

როგორც ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, „ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტის“  ტექნიკური დავალება შემუშავებულია. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო დეტალების დაზუსტება. დოკუმენტის მიხედვით მომსახურების შესყიდვა განხორციელდება მომდევნო წლის თებერვალში. უკვე დაწყებულია ზოგადი განათლების სისტემის დიაგნოსტიკური კვლევა.

სკოლებში სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით კომპონენტით გათვალისწინებულია მთლიანი სკოლის გაძლიერება,  მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების შეფასებას. ასევე, დაინერგება ეროვნული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.